For everyone whose best time is today

Play, Motivation, and Gamification in Companies

თანამედროვე ბიზნესში თანამშრომლების მოტივაცია და ჩართულობა მთავარ გამოწვევად და მნიშვნელოვან საკითხად იქცა. ლიდერები, HR პროფესიონალები მუდმივად ეძებენ ინოვაციურ გზებს, რათა სამუშაო გარემო უფრო მიმზიდველი და პროდუქტიული გახადონ. ამ საკითხის გადსაჭრელად ერთ-ერთი პერსპექტიული მიდგომა არის თამაშების პრინციპების გამოყენება ყოველდღიურ მუშაობაში – გეიმიფიკაცია (თამაშიფიკაცია).

ამ სტატიაში განვიხილავთ, რა არის თამაში და რა მახასიათებლები აქვს მას, რატომ თამაშობენ ადამიანები (რა ფსიქოლოგიური მოტივები ამოძრავებთ), რას გულისხმობს შინაგანი მოტივაცია და როგორ უკავშირდება ის თამაშებს, შემდეგ ავხსნით, რა არის გეიმიფიკაცია და რა მექანიზმებს ეფუძნება, ბოლოს კი განვმარტავთ, როგორ ეხმარება გეიმიფიკაცია კომპანიას თანამშრომლების ჩართულობის, მოტივაციისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად.

რა არის თამაში?

თამაში არის სტრუქტურირებული აქტივობა, რომელიც ხორციელდება სიამოვნებისთვის და აქვს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: მიზანი (რას უნდა მიაღწიოს მოთამაშემ), წესები (რომლითაც განისაზღვრება მოქმედების ჩარჩო), გამოწვევა (სირთულე, რომელიც უნდა დაძლიოს მოთამაშემ) და უკუკავშირი (მაგ., ქულების ან სხვა შედეგების დაფიქსებით, რაც მოთამაშეს საკუთარი პროგრესის დანახვაში ეხმარება).

თამაშის მახასიათებლებია გართობა და ნებაყოფლობითი მონაწილეობა – ადამიანები თამაშობენ იმიტომ, რომ ეს სურთ და სიამოვნებთ, და არა იძულებით.

რატომ თამაშობენ ადამიანები?

ადამიანები თამაშობენ მრავალი მიზეზით. ბავშვობიდანვე თამაში ჩვენი სწავლებისა და სამყაროს შეცნობის ნაწილია. უფროს ასაკშიც, თამაში გვთავაზობს სიამოვნებას, დასვენებას, გამოწვევას და თვითგამოხატვის შესაძლებლობას.

ფსიქოლოგიურად, თამაში ასრულებს მნიშვნელოვან როლს: ის აკმაყოფილებს რამდენიმე ძირითად ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას. მაგალითად, თამაშის დროს მიღწეული გამარჯვება ან პროგრესი გვაძლევს კომპეტენციის (უნარიანობის) განცდას, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა თამაშში (როგორ ვითამაშოთ, რა ნაბიჯი გადავდგათ) გაძლევს ავტონომიის შეგრძნებას, ხოლო მრავალმოთამაშიანი ან გუნდური თამაშები სოციალური კავშირის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.

გარდა ამისა, თამაშები ამცირებენ სტრესს და გამოყოფენ ბედნიერების ჰორმონს. სწორედ ამიტომ, თამაშები არა მხოლოდ გასართობია, არამედ ჩვენი ტვინისთვის ბუნებრივი მოტივატორიც.

რა არის შინაგანი მოტივაცია?

შინაგანი მოტივაცია ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმეს ვაკეთებთ თავად საქმის ინტერესისა და სიამოვნების გამო, და არა გარე ჯილდოს ან იძულების გავლენით. მაგალითად, თანამშრომელი, რომელიც ახალ პროექტს იღებს როგორც საინტერესო გამოწვევას საკუთარი განვითარებისთვის, უფრო შინაგანად მოტივირებულია, ვიდრე ის, ვინც ხელფასის მომატების მოლოდინით ასრულებს დავალებას.

შინაგანი მოტივაცია მჭიდროდ უკავშირდება თამაშებს – ადამიანები თამაშობენ უბრალოდ იმის გამო, რომ უნდათ და სიამოვნებთ, რაც ძლიერ სტიმულად იქცევა მათ ხანგრძლივად ჩართულობაზე.

თანამედროვე მოსაზრებები მოტივაციის შესახებ, კერძოდ თვითგამორკვევის თეორია (Self-Determination Theory), გამოკვეთს სამი თანდაყოლილი ფსიქოლოგიური საჭიროების მნიშვნელობას:

  • ავტონომია – თავისუფლება საკუთარი გადაწყვეტილებების კონტროლზე
  • კომპეტენცია – პროგრესისა და უნარების ეფექტიანობის შეგრძნება
  • სოციალური კავშირი – მიკუთვნებულობის, მონაწილეობისა და ურთიერთობის განცდა.

კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ეს საჭიროებები დაკმაყოფილებულია, ადამიანების შინაგანი მოტივაცია და კეთილდღეობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამიტომ, სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომელს აქვს გარკვეული ავტონომია, განვითარებისა და წარმატების შესაძლებლობა, და კოლეგებთან კარგი ურთიერთობა, ქმნის საფუძველს, რომ თანამშრომელი უფრო მოტივირებული და ჩართული იყოს თავის საქმიანობაში.

რა არის გეიმიფიკაცია?

გეიმიფიკაცია ნიშნავს თამაშის ელემენტების დანერგვას არასათამაშო კონტექსტში – მაგალითად, კომპანიის შიდა პროცესებში, თანამშრომლების სწავლებაში თუ ყოველდღიურ სამუშაო ამოცანებში. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის თამაშისთვის დამახასიათებელი მექანიზმების გამოყენება, რათა ყოველდღიური რუტინა უფრო საინტერესო და ჩართულობის გამომწვევი გახდეს.

გეიმიფიკაციის ძირითად მექანიზმებში შედის:

  • ქულების დაგროვება და ქულათა დაფა: როდესაც თანამშრომლები ასრულებენ დავალებებს, ისინი იღებენ ქულებს. ხოლო ქულების საჯარო დაფაზე (leaderboard) გამოსახვა ქმნის მეგობრულ კონკურენციას და ყველას აჩვენებს, ვინ რა შედეგს მიაღწია.
  • ბეჯები (სამკერდე ნიშნები) და ჯილდოები: სპეციფიკური მიღწევებისთვის თანამშრომლებს ენიჭებათ ბეჯები, სერტიფიკატები ან სხვა აღიარების ნიშნები. ასეთი ვირტუალური ჯილდოები დამატებით სტიმულად მუშაობს და ხაზს უსვამს თითოეული თანამშრომლის მიღწევას.
  • დონეები და პროგრესი: ქულების დაგროვებით თანამშრომლებს შეუძლიათ გადავიდნენ ახალ „დონეზე“ – რაც სიმბოლურად მიანიშნებს მათ მაღალ კომპეტენციასა და განვითარებაზე. დონეების სისტემა აძლიერებს მიღწევის განცდას და ახალ სტიმულებს სთავაზობს.
  • ამოცანები და გამოწვევები: ყოველდღიური სამუშაო შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც მისია ან გამოწვევა. მაგალითად შეიძლება კომპანიამ დააწესოს “მისიის დღე”, თითოეულ თანამშრომელმა აირჩიოს ერთი დღიური მისია – მაგალითად, დაეხმაროს კოლეგას ერთდღიან თასქში, მოძებნოს არაეფექტური პროცესი, ან გაავრცელოს ერთი შთამაგონებელი იდეა კომპანიის შიდა პლატფორმაზე, შედეგად, თანამშრომლები იღებენ ვირტუალურ ბეჯებს.
  • უკუკავშირი რეალურ დროში: თამაშის მსგავსად, გეიმიფიკაციაში მნიშვნელოვანია მყისიერი უკუკავშირი. თანამშრომელი მაშინვე ხედავდეს თავის პროგრესს და მიღწევებს (მაგალითად, მიიღოს შეტყობინება: „მილოცვა! თქვენ შეასრულეთ დღევანდელი მიზანი“). ეს მატებს ენერგიას და ამყარებს მოტივაციას.

მსგავსი მექანიზმების გამოყენებით, ყოველდღიური სამუშაო პროცესი უფრო თამაშის მსგავს მოვლენად იქცევა. თანამშრომლებს აქვთ მკაფიო მიზნები, ხედავენ საკუთარ პროგრესს და იღებენ აღიარებას – ანუ ის ელემენტები, რომლებიც თამაშს აქცევს სასიამოვნო პროცესად.

როგორ ეხმარება გეიმიფიკაცია კომპანიას?

როცა გეიმიფიკაციას სწორად და ეფექტურად ვიყენებთ, ამოცანები უფრო დიდი ენთუზიაზმითა და ნებაყოფლობით სრულდება. რამდენიმე ძირითადი სარგებელი, რომელსაც ორგანიზაცია მიიღებს გეიმიფიკაციის შედეგად, ასეთია:

  • ჩართულობის ზრდა და მოტივაციის ამაღლება: გეიმიფიკაცია ხელს უწყობს როგორც შინაგან, ისე გარეგან მოტივაციას. თანამშრომლებს უჩნდებათ კონკრეტული მიზნები, თამაშის ელემენტები საინტერესოს ხდის ყოველდღიურ სამუშაოს. მონოტონური ამოცანებიც კი მეტი ინტერესით სრულდება და იზრდება ჩართულობა.
  • პროდუქტიულობის ზრდა: მოტივირებული და ჩართული თანამშრომლები, როგორც წესი, უფრო პროდუქტიულებიც არიან. როდესაც ადამიანი ინტერესით ეკიდება საქმეს, იგი ნაკლებ დროს ფლანგავს და მეტი ენერგიით აღწევს მიზნებს, რაც საერთო პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.
  • სწავლისა და განვითარების ხელშეწყობა: გეიმიფიკაცია წარმატებით გამოიყენება თანამშრომლების სწავლებისა და ტრენინგებისთვის. თამაშის მიდგომით მიწოდებული მასალა უკეთ დასამახასოვრებელია და თანამშრომლები უფრო აქტიურად ითვისებენ ახალ ცოდნას.
  • კონკურენცია და გუნდურობა: სწორად დაგეგმილი გეიმიფიკაცია, მაგალითად ლიდერბორდების გამოყენება არ იწვევს თანამშრომლებს შორის მტრულ კონკურენციას, პირიქით, წაახალისებს მეგობრულ შეჯიბრს. კომუნიკაცია და თანამშრომლობა უმჯობესდება და ყველას უჩნდება საერთო მიზნის გრძნობა.

რომ შევაჯამოთ, გეიმიფიკაცია ეხმარება კომპანიებს შექმნან ისეთი გარემო, სადაც მუშაობა უფრო სასიამოვნო და აზრიანი ხდება თანამშრომლებისთვის. თამაშის მოტივაციის პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამები აძლიერებს თანამშრომლების მოტივაციას შინაგანად, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიის წარმატებაზეც პოზიტიურად აისახება.