შეგიმჩნევია, როგორ მიჰყვება ერთი ნეგატიური ფიქრი მეორეს?
„ვერ მოვასწრებ, ჩავიჭრები“
“ასე რომ მოხდეს?”
„ნეტა ასე კი არა, ასე მეპასუხა მაგ დროს…“
„რა საშინლად გამოვიდა!“
ნეგატიური ფიქრები მოიპარებიან ჩუმად, მაგრამ ისე სწრაფად მოიცავენ ჩვენს გონებას და გაგვიტაცებენ, რომ ვერც ვხვდებით როგორ დავბრუნდეთ უკან – აწმყოში
არსებობს საშუალება, რომელიც მსგავს დამაბნეველ და შფოთვით სავსე მომენტებში გონებას რეალობასთან აბრუნებს – ეს არის “54321 სიმყარის ტექნიკა”. მარტივი, მაგრამ საოცრად ეფექტური გზა ფიქრების ლაბირინთიდან გამოსასვლელად.
როგორ მუშაობს 54321 ტექნიკა?
ნეგატიური ფიქრები ცდილობენ შენი ფოკუსი რეალობას მოაშორონ, სწორედ აქ გამოიყენება 54321, როგორც “აქ და ამჟამად” დაბრუნების მოსახერხებელი ინსტრუმენტი.
ტექნიკა ხუთ ეტაპიანია და თითოეული ციფრი ნიშნავს თითო ნაბიჯს:
5 – შეამჩნიე ხუთი რამ, რასაც ირგვლივ ხედავ
შეამჩნიე ფანჯარაზე სინათლის ლაქა, ბალიშის ტექსტურა, წიგნი მაგიდაზე. არ აქვს მნიშვნელობა – რაც დაინახე, დაასახელე გონებაში.
4 – შეეხე ოთხ საგანს
შეიგრძენი სკამის ზედაპირი, სვიტერის ქსოვილი, ტელეფონის გლუვი კორპუსი… ფიზიკური შეგრძნებები გეხმარება სხეულთან დაბრუნებაში.
3 – მოუსმინე სამ ხმას
სიჩუმეშიც კი ყოველთვის რაღაც ისმის – საათის წიკწიკი, ქუჩის ხმები, საკუთარი სუნთქვა, ბალიშზე თითების შეხება. მოუსმინე და დააკვირდი
2 -შეიგრძენი ორი სუნი
რისი სუნი გცემს – ყავის? სუნამოს? შამპუნის? თუ ვერაფერს გრძნობ იმ მომენტში — სცადე გაიხსენო და წარმოიდგინო
1 – შეიგრძენი ერთი გემო
შეიძლება იყოს საღეჭი რეზინი, წყალი, კბილის პასტა, ან უბრალოდ გაიხსენო და წარმოიდგინო რომელიმე გემო — ესეც საკმარისია.
ეს ტექნიკა გეხმარება:
- დააბრუნო ყურადღება “აქ და ახლა”
- გადატვირთო გონება
- გაააქტიურო ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ნაწილი
ამ ტექნიკის გამოცდა შფოთვის გარეშეც შეგიძლია — როცა უბრალოდ დაღლილი ხარ, ან გაღიზიანებული. მართალია 54321 ტექნიკა არ წყვეტს პრობლემას, მაგრამ გაბრუნებს მდგომარეობაში, სადაც შენ შეგიძლია იფიქრო უკეთ, და ეს უკვე პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული ნაბიჯია.

