მათთვის, ვისთვისაც დღეს საუკეთესო დროა

მე ვარ თამარ კელენჯერიძე – ორგანიზაციული ფსიქოლოგი, სტრატეგიული HR მრჩეველი, ტრენერი და LEGO SERIOUS PLAY სერტიფიცირებული ფასილიტატორი.

ჩემი პროფესიული მიმართულებები ძირითადად მოიცავს ორგანიზაციული კულტურის შეფასებასა და განვითარებას, HR პროცესების სტრატეგიულ დაგეგმარებას, ტრენინგებს, კომპეტენციების შეფასებასა და განვითარებას.

სწავლა – განათლება

ჩემი პროფესიული გზა 2005 წელს დაიწყო, როდესაც დავამთავრე დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და გავხდი ზოგადი და სამედიცინო ფსიქოლოგი.

რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გამოცდილებამ და პრაქტიკამ მომცა კონკრეტული მიმართულება, გავემგზავრე ვალენსიასა და კოიმბრაში, სადაც 2015 წელს მივიღე მაგისტრის ხარისხი შრომის, ორგანიზაციის და თანამშრომლების ფსიქოლოგიის მიმართულებით .

ორგანიზაციულ კონტექსტში მუშაობისას სულ უფრო მეტად მომიპყრო ყურადღება კრეატიულმა და არატრადიციულმა მიდგომებმა — როგორ შეიძლება თამაშის, ვიზუალური აზროვნების საშუალებით დავეხმაროთ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომ უკეთ გაუგონ ერთმანეთს და მიიღონ გადაწყვეტილებები. სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე 2017 წელს გავიარე LEGO SERIOUS PLAY ტრენინგი და გავხდი LSP სერტიფიცირებული ფასილიტატორი, ხოლო 2021 წელს გადავწყვიტე კიდევ უფრო ღრმად ჩამეხედა თამაშის მექანიზმებში და გავიარე Erasmus University Rotterdam-სა და Wharton School Online-ის გეიმიფიკაციის სერტიფიცირებული კურსები.

ორგანიზაციულ კულტურებთან მუშაობის პროცესმა კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთა კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ცოდნის გაღრმავების საჭიროება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გამეღრმავებინა ამ თემის ცოდნა და 2023 წელს დავასრულე The Berne Institute-ის სერტიფიცირებული კურსი “ტრანზაქციული ანალიზი 101”.

პარალელურად, როცა საქმე ადამიანების გამოცდილების გაუმჯობესებას ეხება, ჩემი ინტერესები ცდება მხოლოდ ფსიქოლოგიას — ამჟამად Google-ის UX Design Professional კურსს გავდივარ და ვსწავლობ, როგორ შეიძლება შექმნა არა მხოლოდ ლამაზი, არამედ აზრიანი და ადამიანებზე მორგებული გადაწყვეტები.

კარიერა

უკვე 15 წელზე მეტია, ვმუშაობ ფსიქოლოგიისა და ადამიანური რესურსების სფეროში. ჩემი კარიერის მანძილზე მქონია შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჩართული მრავალფეროვან სექტორში — არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დაწყებული, საჯარო თუ საგანმანათლებლო სივრცეებით გაგრძელებული და კერძო ბიზნესით დასრულებული.

არასამთავრობო სექტორი: ვმუშაობდი ორგანიზაციაში „თანადგომა“, სადაც ჩემი ძირითადი საქმიანობა იყო კვლევების განხორციელება და მოწყვლადი ჯგუფების ფსიქოლოგიური კონსულტირება.

საჯარო-საგანმანათლებლო სექტორი: ვმუშაობდი შსს აკადემიაში, სადაც ვიყავი სასწავლო კურსების მომზადება-ჩატარებაზე, ასევე ხარისხის კვლევებზე პასუხისმგებელი ფსიქოლოგი.

ბიზნეს სექტორი: ჩემი ძირითადი HR პროფესიული საქმიანობა უკავშირდება ბიზნეს ორგანიზაციებს, მიმუშავია ისეთ მსხვილ დამსაქმებლებთან, როგორებიც არიან IKEA of Sweden, Sheraton Metechi Palace, Evolution, ნიკორა ჰოლდინგი და ნიკორა ტრეიდი. თითოეული კომპანია სადაც მიმუშავია, ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ბოლო წლებია ვარ დამოუკიდებელი კონსულტანტი, რაც მაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშაო სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებთან და გუნდებთან. საქმიანობის ეს ფორმა ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული არჩევანია, არამედ განსაკუთრებული სივრცეა მუდმივი განვითარებისა და ახალი პროფესიული გამოწვევებისთვის.