მათთვის, ვისთვისაც დღეს საუკეთესო დროა

ემოციები კარადაში: ტანსაცმელი, როგორც შენს თავთან დიალოგი

შეიძლება შენი გარდერობი ბევრად მეტს ჰყვებოდეს, ვიდრე გგონია. „ტანსაცმელი ხშირად იმ ემოციების გაგრძელებაა, რომლებსაც ვერ, ან არ ვამუშავებთ.“

დღეს მინდა ერთ ძალიან საინტერესო ავტორზე და მის წიგნზე გესაუბროთ.

Jennifer Baumgartner — პროფესიით კლინიკური ფსიქოლოგია, თერაპევტად მუშაობისას მისი ყურადღება მიიქცია ერთმა უცნაურმა დეტალმა: მისი კლიენტების უმეტესობა სხეულის, იდენტობის, წონის ან თვითშეფასების შესახებ საუბრისას ხშირად გადადიოდნენ ჩაცმულობაზე და გარდერობის თემაზე. ამ დაკვირვებით გაიაზრა, რომ ტანსაცმელი ადამიანების უმრავლესობისთვის არა უბრალოდ ესთეტიკური არჩევანი, – არამედ ემოციური კომუნიკაციაა საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან.

მან გადაწყვიტა ეს თემა „გამოეტანა კარადიდან“ და ეჩვენებინა, როგორ შეიძლება გარდერობი გამოვიყენოთ თვითგაგების და ცვლილების იარაღად.

მისი პრაქტიკული სახელმძღვანელოს “You are what you wear: What your clothes reveal about you” მთავარი მესიჯია „თუ ნამდვილად გინდა შეცვალო ცხოვრება — შეიძლება საკმარისიც კი იყოს, რომ კარადას სხვანაირად მიუდგე“, სადაც მოცემულია პრაქტიკული რჩევები თუ როგორ “წავიკითხოთ” საკუთარი გარდერობი და მოვირგოთ ტანსაცმელი:

  • შეამოწმე თითოეული ნივთი კითხვით:

ეს მომავალში მიძღვება თუ წარსულში მაჩერებს?“

როდის ვიყიდე?“

რა ეტაპზე ვიყავი მაშინ ცხოვრებაში?“

ჩემი თავი მომწონს ამ ტანსაცმელში?“

თუ არა – რატომ ვინახავ?“

ხშირად აღმოჩნდება, რომ რაღაცებს ვინახავთ ნოსტალგიის გამო, ან იმედით, რომ „როდესღაც ისევ მოვერგებით“ — რაც ხშირად მიუთითებს წარსულზე ორიენტირებასა და დღევანდელი დღის იგნორირებაზე. 

ახალი ნივთის შეძენისას იკითხე: „ეს ნივთი მომავალისკენ მიძღვება, თუ წარსულზე მიჯაჭვულობის გაგრძელებაა?“

  • დააკვირდი, როგორ ცვლის ტანსაცმელი შენს განწყობას

სცადე ერთი კვირა სხვადასხვა სტილით ჩაცმა და დააკვირდი: რომელი ტანსაცმელი, ნივთები გაძლევენ თავდაჯერებას, სიმშვიდეს ან სიხარულს?

ფსიქოლოგიურად, ტანსაცმელს შეუძლია ემოციური ტონუსის შეცვლა — იგივე ეფექტი აქვს რაც მუსიკას, ან სუნამოს.

  • გარდერობის ქაოსი ხშირად შინაგან ქაოსს ასახავს

დროა მოიშორე ტოქსიკური ნივთები, რომლებიც მხოლოდ დანაშაულს („ძვირი იყო და მაინც არ მაცვია“), სირცხვილს („ეს ჩემს წონას მახსენებს“) ან სევდას იწვევენ

„გარდერობი უნდა იყოს მხარდაჭერის, და არა განსჯის ადგილი.“

  • ახალი ტანსაცმელი? – კი, თუ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება

არ იცვამ იმისთვის ვინც ხარ – იცვამ იმისთვის, ვინც გინდა რომ იყო.

თუ ახალი ეტაპი იწყება — კარიერული, პირადი ან შიდა ცვლილება — გამოიყენე ჩაცმულობა როგორც სიმბოლური მხარდაჭერა, შეარჩიე ტანსაცმელი შენი მიმდინარე მიზნებიდან გამომდინარე. დაუსვი საკუთარ შენ თავს კითხვა:

თუ ჩემი ჩაცმის სტილი ჩემს ამბავს მოჰყვებოდა, რას იტყოდა?“

ვგავარ იმ ადამიანს, ვინც ვცდილობ,რომ გავხდე?“

  • დაიწყე რიტუალით

სეზონური დალაგება = საკუთარი თავის ემოციური გადახედვა.

სეზონური გადახედვის დროს, შეგიძლია ჩაატარო „ემოციური დალაგება“ — გაასუფთავო გარდერობი და პარალელურად გადაიაზრო, რისი დრო დასრულდა შენს ცხოვრებაში და რის დასაწყისს ელოდები. გაასუფთავე ადგილი იმისთვის, რაც გინდა რომ შემოვიდეს – გაჭედილ კარადაში, რომელიც შეიძლება შენი ცხოვრების ალეგორია იყოს, როგორ შემოვა სიახლე?

  • ჩაიცვი გულწრფელად – ისე, რომ თავი იგრძნო საკუთარ თავთან ახლოს

არ არის საჭირო სუპერ მოდურად ჩაცმა — მთავარია, შენი სტილი იყოს შენზე მორგებული და არ იყოს ტკივილიდან ან შიშიდან დაბადებული.

როცა სტილი მოდის შინაგანი სიმშვიდიდან, ის უფრო გამოკვეთილი და მიმზიდველი ხდება — და ამას გარშემოც ამჩნევენ.

იქნებ დროა, გარდერობი დავინახოთ როგორც საკუთარ თავთან დიალოგის საშუალება, არა უბრალოდ კარადა – არამედ სარკე.

Baumgartner, J. (2012). You are what you wear: What your clothes reveal about you. Da Capo Lifelong Books.

Novotney, A. (2012, November). A woman of style. APA GradPsych Magazine.