კომპანიის წარმატება რომ გუნდების წარმატებაზეა დამოკიდებული, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია და ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, მაგრამ რაზეა დამოკიდებული თავად გუნდების წარმატება? რა ქმნის ისეთ გუნდს, რომელიც საოცნებო შედეგებს დებს?
მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს ჩვენი პასუხები — წაკითხული, მოსმენილი, გამოცდილებით აღმოჩენილი — საინტერესოა, რას გვიჩვენებს Google-ის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევა, რომელიც 180 გუნდის მონაწილეობით „პროექტ არისტოტელეს“ ფარგლებში განხორციელდა. სახელწოდებაც არისტოტელეს ფრაზიდან მოდის: „მთლიანი უფრო მეტია, ვიდრე მისი ცალკეული ნაწილების ჯამი.“
კვლევის მთავარი კითხვა იყო: რატომ არის ზოგიერთი გუნდი ბევრად უფრო შედეგიანი, ინოვაციური და პროდუქტიული, ვიდრე სხვა? რა ფაქტორები განსაზღვრავენ გუნდში თანამშრომლობის წარმატებას? და რა უნდა გააკეთოს ორგანიზაციამ, რომ გუნდები უფრო ეფექტიანები გახდნენ?
მოცემული კვლევის მთავარი აღმოჩენაა, რომ გუნდის შედეგიანობაზე ნაკლებად მოქმედებს თუ ვინ არის გუნდში და უფრო მნიშვნელოვანია თუ როგორ მუშაობენ ისინი ერთად, და ეს შედეგები მხოლოდ Google-ს არ ეხება – სხვა ორგანიზაციებშიც რეპლიკაციისას იგივე მიგნებები დადასტურდა.
აი ის ხუთი მთავარი ფაქტორი, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გუნდურ ეფექტიანობაზე:
- ფსიქოლოგიური უსაფრთხოება – სადაც ადამიანები გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, რომ გამოთქვან აზრი, დასვან „სულელური“ კითხვები, ითანამშრომლონ და აღიარონ შეცდომა, ისე რომ არ ელიან დამცირებას ან დასჯას.
- სანდოობა, ურთიერთდამოკიდებულება – როცა ყველა დროულად და ხარისხიანად აკეთებს თავის საქმეს და სხვას არ შეატოვებს პასუხისმგებლობას.
- სტრუქტურა და სიცხადე – ყველას ესმის რა უნდა გააკეთოს, რა არის მიზანი და როგორ გაიზომება შედეგი.
- სამუშაოს მნიშვნელობა, სარგებელი – რომელიც თითოეულისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს: შემოსავალი, ოჯახის მხარდაჭერა, გუნდის წარმატება, თვითგამოხატვა…
- ზეგავლენა – როცა თანამშრომელი ხედავს, რომ მისი შრომა რეალურ შედეგს იძლევა და ორგანიზაციის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც ბევრს „გუნდურობისთვის კრიტიკულად“ მიაჩნდა, სინამდვილეში მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მაგალითად: ოფისში ერთად ყოფნა, მხოლოდ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, პიროვენული მახასიათებლები – ექსტროვერსია, ინტროვერსია, ინდივიდუალური შედეგები, სამუშაოს მოცულობა, სტაჟი, თანამდებობა, ან გუნდის ზომა . . .
„პროექტ არისტოტელეს“ მთავარი გაკვეთილია, რომ ეფექტიანი გუნდის საიდუმლო არც ცალკეულ „ვარსკვლავ თანამშრომლებშია“ და არც ხანგრძლივ სტაჟში. წარმატებული გუნდი იქმნება მაშინ, როცა ადამიანები ერთმანეთთან მუშაობენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოა აზრის გამოთქმა, ნათელია მიზნები და ყველას აქვს განცდა, რომ მისი წვლილი ნამდვილად მნიშვნელოვანია.
აქვე გთავაზობთ Google-ის მიერ შემუშავებულ „გუნდური მუშაობის შეფასებისა და დისკუსიის გზამკვლევს“, რომელიც დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი გუნდის ეფექტიანობა და ამ საკითხს მეტად ჩაუღრმავდეთ თანაგუნდელებთან ერთად.
ფსიქოლოგიური უსაფრთხოება
ნიშნები, რომ გუნდში ფსიქოლოგიური უსაფრთხოება გასაუმჯობესებელია
- კონსტრუქციული უკუკავშირის მოთხოვნის ან მიწოდების შიში, თავიდან არიდების მცდელობა
- შეხვედრებზე კითხვების არარსებობა, ან მერყეობა განსხვავებული იდეების გამოხატვისა და „არ ვიცი“ კითხვების დასმისას
საკვანძო კითხვები გუნდური დისკუსიისთვის
- ერთმანეთის წინაშე იდეების გაჟღერებისას კომფორტულად გრძნობენ თუ არა თავს გუნდის წევრები ?
- გრძნობენ თუ არა, რომ შეუძლიათ აღიარონ შეცდომა, თუ არსებობს იმის რისკი, რომ ამას გარიყვა ან უარყოფა მოჰყვება?
სანდოობა
ნიშნები, რომ გუნდში სანდოობა გასაუმჯობესებელია:
- გუნდს არ აქვს მკაფიო ხედვა პროექტის პრიორიტეტებზე ან პროგრესზე
- პასუხისმგებლობები ბუნდოვანია და ამოცანებს/პრობლემებს არ ჰყავს კონკრეტული შემსრულებელი
საკვანძო კითხვები გუნდური დისკუსიისთვის
- როცა გუნდის წევრები ამბობენ, რომ რაღაცას გააკეთებენ, ასრულებენ თუ არა?
- ატყობინებენ თუ არა გუნდის წევრები ერთმანეთს დავალების დაგვიანების შესახებ და თუ იღებენ პასუხისმგებლობას?
სტრუქტურა და სიცხადე
ნიშნები, რომ გუნდში სტრუქტურა და სიცხადე გასაუმჯობესებელია
- არ არის ნათელი, ვინ რაზე არის პასუხისმგებელი
- გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ლოგიკა და პასუხისმგებელი პირები გაურკვეველია
საკვანძო კითხვები გუნდური დისკუსიისთვის
- იციან თუ არა გუნდის წევრებმა, რა არის გუნდისა და პროექტის მიზნები და ის გზები, თუ როგორ უნდა მიაღწიონ მათ?
- გრძნობენ თუ არა გუნდის წევრები, რომ აქვთ ცალკეული, ინდივიდუალური მკაფიო ამოცანები, მათზე ავტონომია და პასუხისმგებლობა?
სამუშაოს მნიშვნელობა
ნიშნები, რომ გუნდში სამუშაოს მნიშვნელობის აღქმა გასაუმჯობესებელია
- დავალებები ნაწილდება მხოლოდ უნარების, გამოცდილებისა და დატვირთვის მიხედვით; ნაკლებად ითვალისწინებს ინდივიდუალური განვითარების საჭიროებებსა და ინტერესებს
- იშვიათია წარმატების, მიღწევებისა და მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპების რეგულარული აღიარება
საკვანძო კითხვები გუნდური დისკუსიისთვის
- აძლევს თუ არა სამუშაო გუნდს პირად და პროფესიულ კმაყოფილების განცდას?
- რამდენად არის სამუშაო შერწყმული როგორც უნარებთან და შესაძლებლობებთან, ისე ინტერესებთან?
ზეგავლენა
ნიშნები, რომ გუნდში საქმიანობის შედეგის აღქმა გასაუმჯობესებელია:
- სამუშაო აღიქმება როგორც „ ერთ ადგილზე ტრიალი“
- ზედმეტად ბევრი მიზანი და შეზღუდული რესურსები ხელს უშლის თვალსაჩინო პროგრესის მიღწევას
საკვანძო კითხვები გუნდური დისკუსიისთვის
- ხედავენ თუ არა გუნდის წევრები, რომ მათი გაწეული შრომა უკეთესობისკენ ცვლის მოვლენებს?
- გრძნობენ თუ არა, რომ მათი სამუშაოს შესრულება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად არის მნიშვნელოვანი?
- როგორ მოქმედებს მიმდინარე სამუშაო პროცესები გუნდის კეთილდღეობაზე/გადაწვაზე? იმის გასაგებად, ხედავენ თუ არა გუნდის წევრები, რომ მათი შრომა არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მათ კეთილდღეობასაც დადებითად ცვლის
Google re:Work – Understand team effectiveness (Project Aristotle).
Google re:Work – Team Effectiveness Discussion Guide.
Edmondson, A. (1999). Psychological Safety and Learning Behavior in Work Teams. Administrative Science Quarterly, 44(2), 350–383
თუ გსურთ, თქვენი გუნდი გახდეს უფრო შედეგიანი, ინოვაციური და ერთიანი — დამიკავშირდით და ერთად შევიმუშავოთ გადაწყვეტა, რომელიც გუნდურ თანამშრომლობასა და კულტურას რეალურად გააძლიერებს.

