მათთვის, ვისთვისაც დღეს საუკეთესო დროა

როცა სიტყვები კედელზე რჩება – რატომ ვერ ცოცხლდება ღირებულება ქცევაში?

ადრე იოგაზე დავდიოდი ერთ სტუდიაში, კარგი ცენტრი იყო – შესასვლელში წიგნებით სავსე თაროები, ფერადი ქვები, ჩაი, ფარდები, სპილოები და ფერადი კედლები, რომლებზეც ეწერა მათი ორგანიზაციული ღირებულებები დაახლოებით მსგავსი შინაარსით „ჩვენ აქ ერთმანეთს პატივს ვცემთ და ვენდობით, აქ სიყვარულია“

… რასაც ელი კიდეც იოგას სტუდიისგან.

თავიდან კმაყოფილი ვიყავი, კარგი ინსტრუქტორები, ნათელი ოთახები, სისუფთავე.

კლასის მოლოდინში ერთხელ პატარა წიგნის კითხვა დავიწყე “ A Little Bit of Buddha”, გემრიელად იკითხებოდა, ვეღარ ვასწრებდი დამთავრებას, მინდოდა იმ დღესვე დამესრულებინა და ვთხოვე, წავიღებ და ზეგ კლასზე რომ მოვალ მოვიტანმეთქი. ხელები გაასავსავეს: – არაო, ვერაო! – რატომ? – ასეთი წესი გვაქვსო.

ჩემთვის გავიფიქრე, აბა ჩვენი ღირებულებაა, რომ ერთმანეთს ვენდობითო?

მისასვლელად ტრანსპორტი მჭირდებოდა, ერთხელ დამირეკეს ათი წუთით ადრე, მითხრეს, რომ ჯგუფი არ შეივსო და კლასი უქმდება. როგორც ოპერატორმა ამიხსნა “ასეთი წესი გვაქვს თუ 3-ზე მეტი არ ესწრება კლასს, არ ტარდება ვარჯიში, ხოლო რადგან ზოგი 10 წუთით ადრე აუქმებს ჯავშანს, უფრო ადრე ვერ გაგაგებინებთ გაუქმდება თუ არა კლასი.” ანუ ორი ადამიანი  არ ითვლებოდა რაოდენობაში.

…აბა კედელზე რომ წერია პატივისცემაო?

ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში დაემთხვა ორი დაგეგმილი კლასის გაუქმება, ვკითხე ამის საკომპენსაციოდ რამე თუ გაქვთ? – არაო, – მეთქი აბონიმენტი მაინც გადააგრძელეთ ერთი კვირით, ასე გამოდის ვინც მოვდივართ, მხოლოდ ჩვენი ფინანსები და დრო ზარალდება. ასეთი პრეტენზია (?) არავის გამოუთქვამსო, არაფერი გვაქვს ეგეთი საკომპენსაციო, თუმცა ვეცდებითო. მერე დამირეკეს  გადაგიგრძელეთ, უბრალოდ ამ ერთხელ, გამონაკლისის სახითო.

…აბა კედელზე სიყვარულიო?

ის სტუდია დღეს აღარ არსებობს. არ ვიცი რატომ დაიხურა – ფინანსები? კონკურენცია? მაგრამ მე ასე დავინახე: თუ შენი კულტურა ზედაპირულია და ღირებულება მხოლოდ დეკორაციაა – გრძელვადიან პერსპექტივაში გაუჭირდება გადარჩენა ორგანზიაციას ფინანსურადაც და კონკურენციის პირობებშიც.

პოტენციალი ჰქონდა – მაგრამ ნდობა, სიყვარული და პატივისცემა უბრალოდ არ აღმოჩნდა სისტემაში ინტეგრირებული. შენს სივრცეში შემოსული კლიენტი, თანამშრომელი თუ პარტნიორი – ყოველთვის გრძნობს ამ წინააღმდეგობას. ხანდახან ამას ხმამაღლა ამბობს, ხანდახან – უბრალოდ მიდის.
შეიძლება არც თქვას: „აქ ღირებულებები და ქცევა არ ემთხვევა“, მაგრამ იგრძნობს, რომ რაღაც არ არის გულწრფელი.

ორგანიზაციის კულტურის შენებისთვის აუცილებელია:

  • თვითრეფლექსია: ემთხვევა თუ არა ჩვენი ქცევა ჩვენს სიტყვებს?
  • სიმამაცე: მზად ვართ თუ არა ვაღიაროთ, რომ რაღაც ღირებულება ჯერჯერობით მხოლოდ სურვილია და არა რეალობა?
  • თანმიმდევრულობა: წესები, პოლიტიკა, პროცესები და ყოველდღიური პრაქტიკა უნდა ავლენდეს შენს ღირებულებებს

თქვენს ორგანიზაციაში სად ჩანს ღირებულებები ყველაზე მკაფიოდ? სად რჩება მხოლოდ დეკლარაციად?  თუ ხვალ შენს ორგანიზაციაში ყველას დაავიწყდება კედელზე გაკრული ღირებულებები, კულტურის სახელმძღვანელოში ჩაწერილი ფასეულობები და ხმამაღლა ნათქვამი პრინციპები – მაინც აისახებოდა ეს ღირებულებები ყოველდღიურ ქცევებში?

თუ არა ღირებულებები მხოლოდ დეკლარაციაა და არა რეალობა.