გიფიქრია, რატომ გვიჭირს მიზნების მიღწევა? ხშირად, როცა მკაცრად ვუსახავთ თავს მიზნებს (მაგ., „უნდა დავიკლო 10 კგ ერთ თვეში“), წარუმატებლობის შიში გვიბიძგებს დანებებისკენ. რამდენიმე კვლევის ანალიზი აჩვენებს, რომ ღია მიზნები (open goals) – ანუ ისეთი, რომლებიც არა მკაცრად განსაზღვრული, არამედ მოქნილია (მაგ., „აბა რამდენს დავიკლებ კვირაში ამ აქტივობებით“) – შესაძლოა უფრო მდგრად ცვლილებებს იწვევდეს.
რატომ მუშაობს ღია მიზნები? ძირითადი მექანიზმია სტრესის შემცირება – მკაცრად გაწერილი მიზნები წნეხის ქვეშ გვაყენებს, ღია მიზნები კი პირიქით, გვეხმარება პროგრესის აღქმაში.
- სხეულის და გონების ადაპტაცია – როდესაც მიზანი ღიაა და მოქნილი, ადამიანს არ აქვს განცდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიაღწიოს კონკრეტულ შედეგს. ეს იძლევა საშუალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს ადაპტაცია და ჩვევების ჩამოყალიბება სტრესის გარეშე.
მაგალითად:
თუ შენი მიზანია „ყოველდღე უნდა გავიდე სარბენად“, შეიძლება ერთი დღე გამოტოვო და იგრძნო, რომ „ჩავარდა“ გეგმა. მაგრამ ღია მიზნის შემთხვევაში – „დავინახოთ, რა გზით შემიძლია ვიყო უფრო აქტიური ყოველდღიურად“ – ეს გაძლევს მოქნილობას: თუ ვერ ირბენ, შეგიძლია უბრალოდ სიარული აირჩიო, ან ფიზიკური აქტივობის სხვა გზა მოძებნო (მაგ., იოგა, ცეკვა, მოკლე ვარჯიშები), რაც მთავარია, შენი გონება ამას არ აღიქვამს როგორც წარუმატებლობას.
- ხანგრძლივი ჩვევები – ღია მიზნები ხელს უწყობს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ქცევების ჩამოყალიბებას, რადგან ისინი ნაკლებად არის დამოკიდებული გარეგან შედეგებზე. ხშირად ადამიანები მიზანს უკავშირებენ გარეგან შედეგს (მაგალითად, „უნდა დავიკლო 10 კგ“), რაც ნიშნავს, რომ თუ ეს კონკრეტული მიზანი ვერ შესრულდა, მოტივაცია ქრება. ღია მიზნები კი საშუალებას გაძლევს, რომ ფოკუსირდე პროცესზე და არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე.
მაგალითად:
თუ დასახულია მიზანი: „უნდა დავიკლო 10 კგ“ და ადამიანი იკვებება დიეტურად, თუ მალევე შედეგს ვერ დაინახავს, ან გაუჭირდა მკაცრი დიეტის დაცვა შეიძლება დანებდეს. ღია მიზანი იქნებოდა ფორმულირება „მინდა უფრო ჯანსაღი კვების ჩვევა ჩამოვიყალიბო, აბა რა შემიძლია ყოველდღიურად გავაკეთო ამისთვის“. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ადამიანს ცხოვრების წესად იქცევა და არ არის დამოკიდებული სწრაფ შედეგებზე.
როგორ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია?
- შექმენი მიზნის მთავარი ჩარჩო, მაგალითად “მინდა ვიყო უფრო ჯანმრთელი” და დასახე ღია მიზანი – “ რა შემიძლია ყოველდღიურად გავაკეთო, რომ ამ მიზანს მივაღწიო”?
- მოახდინე პროგრესის მონიტორინგი ცნობისმოყვარეობით, და არა შიშით
- იყავი ღია ცვლილებებისთვის და ადაპტაციებისთვის, როდესაც ამის საჭიროებას დაინახავთ
ეს არის აკადემიური სტატიის შეჯამება, რომელიც განიხილავს ღია მიზნების (Open Goals) გავლენას ადამიანის ჯანმრთელობის ქცევებზე. სრული სტატია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: ორიგინალი სტატია
Swann, C., Goddard, S.G., Schweickle, M.J., & others. (2025). Defining open goals for the promotion of health behaviours: a critical conceptual review. Health Psychology Review, Taylor & Francis.

