მათთვის, ვისთვისაც დღეს საუკეთესო დროა

SBI: მარტივი გზამკვლევი უკუკავშირისთვის

როცა საქმე გვაქვს ადამიანებთან, განსაკუთრებით კი – გუნდთან, უკუკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ „კარგად იმუშავე“ ან „არ მომეწონა“. ის არის რუკა, რომელიც აჩვენებს, სად ვართ, საით მივდივართ და რა უნდა შევცვალოთ, რომ გზას არ ავცდეთ.

უკუკავშირი აადვილებს თანამშრომლობას, აძლიერებს ნდობას და ხშირად აღადგენს კიდეც დაშლილ ურთიერთობებს, რადგან არ ტოვებს ადგილს ფანტაზიებისთვის – იმ უხილავი ისტორიებისთვის, რომლებიც ჩვენს თავში ჩნდება მაშინ, როცა ინფორმაცია არ გვაქვს.

ფიქრის მახეები, როცა უკუკავშირი არ გვაქვს:

  • „დამივიწყეს“ – „ალბათ აღარ მენდობიან, იმიტომ აღარ მეკითხებიან აზრს.“
  • „ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია“ – „როგორც ჩანს, ვერავინ უმკლავდება საქმეს, ისევ მე უნდა გავაკეთო.“
  • „რაღაცას ვაშავებ“ – „არავინ არაფერს მეუბნება, ალბათ უკმაყოფილოები არიან და არ ამბობენ.“
  • „რა უსამართლობაა“ – „ის შეაქეს და მე – არა. ალბათ ვერ ხედავენ, რასაც ვაკეთებ.“

სიტუაციის ასეთი ინტერპრეტაციები ჭარბად ემოციურია და ხშირად სცდება რეალობას, მაგრამ სწორედ ასეთ ფიქრებს ეყრდნობა ჩვენი გადაწყვეტილებები მაშინ, როცა არ გვაქვს რეალური უკუკავშირი. კონკრეტული და კონსტრუქციული უკუკავშირი არა მხოლოდ ინფორმაციას იძლევა, არამედ – ქმნის ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას .

SBI – მარტივი ფორმულა უკუკავშირისთვის

SBI ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უკუკავშირის მისაცემად ისე, რომ ადამიანმა თავი დაცულად იგრძნოს და გაიაზროს მიღებული ინფორმაცია:

S – Situation (სიტუაცია / კონტექსტი)

როდის და სად მოხდა ქცევა?
მიზანია, რომ ორივეს ჰქონდეს საერთო წარმოდგენა მოვლენაზე.

მაგალითი:
გუშინ დღის ბოლოს გუნდის შეხვედრაზე…
წინა კვირას, როცა კლიენტთან პრეზენტაციას ვაკეთებდით…
დღეს დილას შეხვედრაზე, როდესაც KPIს განვიხილავდით…

B – Behavior (ქცევა)

რა ქცევა დააფიქსირე კონკრეტულად?
აქ ვამბობთ მხოლოდ ფაქტებს – შეფასების გარეშე.

მაგალითი:
…როცა შენ საუბარი გააწყვეტინე ნინოს…
…როცა პრეზენტაციის დროს დეტალებში ზედმეტად შეხვედი და დროს გადააჭარბე…
…როცა კოლეგას ხმამაღლა უთხარი, რომ აზრი არ აქვს მის წინადადებას…

! არ ვამბობთ: „ყოველთვის ასე იქცევი“, „ძალიან არაკომპეტენტური იყავი“ – ეს შეფასებებია და არა ქცევის აღწერა.

I – Impact (გავლენა / შედეგი)

ამ ქცევამ რა გავლენა მოახდინა ადამიანებზე, პროცესზე ან მთლიანად საქმეზე?
მიზანია, გაიაზროს, რატომ არის ეს ქცევა მნიშვნელოვანი.

მაგალითი:
…ნინომ აღარ გააგრძელა თავისი იდეის გაზიარება, რაც გუნდურ დისკუსიას აზიანებს.
…კლიენტი დაბნეული დარჩა და აღარ დასვა დამატებითი კითხვები.
…ეს სხვებსაც შეუქმნის მოლოდინს, რომ იდეების გაზიარება დასჯადია.


უკუკავშირი არ არის მხოლოდ ხელმძღვანელის საქმე – ეს არის ურთიერთობებზე ზრუნვა და გუნდურობის გაძლიერება.

თუ არ ვეტყვით ერთმანეთს, რა გვასიამოვნებს, რამ დაგვაბნია, ან რამ გამოიწვია ჩვენი უკმაყოფილება, როგორ მივხვდეთ, რა გავაგრძელოთ და რა შევცვალოთ?