For everyone whose best time is today

FOMO vs JOMO – What Do We Choose: Fear or Peace?

გქონია ისეთი მომენტები, როცა იგრძენი, თითქოს რაღაცას ჩამორჩი, ვერ ეწევი ცხოვრების ტემპს? – მეგობარმა ახალი კურსი დაიწყო, ვიღაცამ მოგზაურობის ფოტო დადო, მესამე უკვე ახალ სამსახურშია… და უცებ საკუთარ ცხოვრებას ისე უყურებ, თითქოს ვინმეს კონკურსში ხარ – სადაც სხვები ჯილდოს იღებენ, და შენ ჯერ კიდევ ფიქრობ, სად გაიარო რეგისტრაცია.

ამ შეგრძნებას FOMO ჰქვია – Fear of Missing Out, ანუ შიში იმისა, რომ ცხოვრება სხვაგან უკეთ მიმდინარეობს, რომ შენ რაღაცას კარგავ – გამოცდილებას, შანსს, კავშირს…

ტერმინი FOMO (Fear of Missing Out) პირველად 2000 წელს გამოაქვეყნა ამერიკელმა სტრატეგმა და ავტორმა Dr. Dan Herman-მა, როგორც მომხმარებლის ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტი. თუმცა ფართო პოპულარობა მან 2010-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა, როდესაც სოციალური ქსელების გავრცელებამ ეს ფენომენი ყოველდღიური გამოცდილების ნაწილი გახადა.

სინამდვილეში, FOMO გაცილებით ძველი მოვლენაა და ღრმად ფსიქოლოგიურ ფენომენს უკავშირდება – სოციალურ შედარებას, არასრულფასოვნების განცდას და ტვინის მექანიზმს არ გამოტოვოს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან მოვლენები, რაც გადარჩენის, სტატუსის ან კავშირების მოპოვების და შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფაქტორია. როცა ვხედავთ, რომ სხვები რაღაცას აკეთებენ განსაკუთრებით წარმატების, ან სიამოვნების ფორმით, ჩვენი ტვინი ამას სოციალური სტატუსის დაკარგვის რისკად აღიქვამს, ეს იწვევს შფოთვას, იმპულსურ გადაწყვეტილებებს, გადაღლილობას და ზოგჯერ – გადაწვას.

JOMO (Joy of Missing Out) FOMO-ს საპირისპირო მენტალიტეტია. ეს არის შეგნებული სიხარული იმაში, რომ რაღაც აქტივობაში არ ხარ ჩართული – იმიტომ, რომ შენი პრიორიტეტები სხვაგან არის.

ტერმინი JOMO-ს პოპულარიზაცია 2012 წელს დაიწყო ტექნოლოგიურმა ანალიტიკოსმა და ავტორმა Anil Dash-მა.  მოგვიანებით ამ იდეამ ფსიქოლოგიური კონტექსტიც შეიძინა, როგორც პასუხი ციფრული გადატვირთულობისა და შფოთვის მზარდ ტალღაზე. JOMO გახდა მოძრაობა მათთვის, ვინც გადაღლილია მუდმივი შეტყობინებების, update-ების, შედარებებისგან და ეძებს სიმშვიდეს, ყურადღებას და საკუთარ პრიორიტეტებზე დაბრუნებას.

JOMO ნიშნავს:

  • საკუთარ რიტმში ყოფნას
  • იმის შეგნებას, რომ “სადღაც არ ყოფნა” არ არის დანაკარგი
  • კონცენტრაციას იმაზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია
  • სიმშვიდის ძიებას და არა მუდმივად ყველაფერში ჩართულობას.

თუ FOMO ამბობს:

  • სხვები სადღაც არიანდა შენ არ ხარ იქ!

JOMO გვეუბნება:

  • შენ ზუსტად იქ ხარ, სადაც ახლა უნდა იყო.

როგორ გადავიდეთ FOMO-დან JOMO-მდე?

  • შეაფასე მიზნები: ეს კონკრეტული არჩევანი შენი გულწრფელი სურვილია, თუ შიშით მიღებული გადაწყვეტილება?
  • შეინარჩუნე გულწრფელი კავშირები: სოციალურ კავშირებზე ზრუნვა გვეხმარება, არ ვიგრძნოთ თავი გამორჩენილებად.
  • დააფასე შენივე რუტინაში ჩასმული ბედნიერება: პატარა სიხარულები – სეირნობა, კარგი წიგნი, ნელა დალეული ყავა – იმაზე მეტ ღირებულებას ატარებენ, ვიდრე ყოველდღიური “სხვისი სიახლეები”.

Elhai, J. D., Yang, H., Fang, J., Bai, X., & Hall, B. J. (2021). Social media use, social comparison, and the role of FoMO in predicting symptoms of depression and anxiety. Journal of Affective Disorders, 288, 79–85.

Crook, C. (2015). The Joy of Missing Out: Finding balance in a wired world. New Society Publishers.